ასპინძაში მეხის დაცემისგან დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია
ასპინძაში, სოფელ ოთასთან ჩამოვარდნილი მეხის შედეგად დაშავებული 40 წლამდე კაცის მდგომარეობა სტაბილურია, ამის შესახებ tv9news.ge, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, მათივე თქმით კაცს გამოკვლევები უტარდება და ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
"მდგომარეობა სტაბილურია, არავითარი დაზიანებები არ აქვს, თუმცა დაკვირვებისთვის ორი დღე გავაჩერებთ კლინიკაში და გავწერთ" - გვითხრა, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა ელგუჯა გუჯაძემ.
სოფელ ოთასთან, ტყეში შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა. მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა ერთი კი დაშავდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შემთხვევისას გარდაცვლილთან და დაშავებულთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა.
"სოფელში ჩოჩქოლი იყო და რომ ვიკითხე მითხრეს, რომ მეხი დაეცათ, ერთი დაიღუპა და მეორე დაშავდაო. ახალგაზრდები არიან ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები. არა და ძალიან ცუდი ამინდი არ ყოფილა მზეც იყო და ღრუბელიც, მაგრამ უცებ დაიჭექა და წვიმაც წამოვიდა" -ამბობს ადგილობრივი ცირა გურეშიძე.
ადგილობრივების თქმით, თანასოფლელები ოთასთან ახლოს ტყეში შეშის შესაგროვებლად იყვნენ წასულები.