აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი ტელესკოპის (1.5 მ დიამეტრის დისტანციურად მართვადი სარკით), სპექტროგრაფის და 12 მეტრის რადიუსის ახალი გუმბათის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“-მა დაამზადა, რომელსაც ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აბასთუმნის ახალი ტელესკოპი ტესტირების რეჟიმში უკვე მუშაობს.
პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 8.6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
„აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი გუმბათის და ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა დაამზადეს. ამჟამად დაწყებულია ტესტირების პროცესი, რასაც მოჰყვება კვლევითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია იბრუნებს და ავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ობსერვატორიის ასტრონომიული მულტიმედიური სივრცე და სამუშაო ოთახები. ასევე, დასრულდა ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაცია და ობსერვატორიაში ციფრული მუზეუმის მოსაწყობად მომზადდა მუზეოგრაფიის და ინტერიერის პროექტი.