რამდენი ადამიანი მიდის საქართველოდან ემიგრაციაში და როგორია მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებში
საქართველოში ყოველ 288 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ანუ მიგრაცია დღეში 5 ადამიანს შეადგენს. ამის მიუხედავად, ქვეყანაში, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, მიგრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მონაცემებს world population review მოსახლეობის შეფასებებისა და პროგნოზების შესახებ გაეროს 2024 წლის რევიზიის, World Population Prospects-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსახლეობა 2 ოქტომბრის მდგომარეობით 3,807.583 ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელზე 0.06%-ით მეტია. ანალოგიურ მატებას 2025 წელსაც პროგნოზირებენ, თუმცა 2030 და შემდეგ წლებში მზარდი ემიგრაცია და შობადობის კლება მოსახლეობის მუდმივ შემცირებას გამოიწვევს. მაგალითად, 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა ერთ წელიწადში 0.08%-ით შემცირდება.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დიდი მიგრაციის მაჩვენებელი რუსეთშია. კერძოდ, რუსეთს ყოველ 2,95 წუთში ერთი ემიგრანტი ჰყავს, ხოლო დღეში მიგრაციით მოსახლეობას 487 ადამიანი აკლდება.
შემდეგი სომხეთია, სადაც მიგრაციის მხრივ, ასევე, რთული მდგომარეობაა. კერძოდ, ყოველ 17,57 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ხოლო დღეში ქვეყანას 82 ემიგრანტამდე ჰყავს.
აზერბაიჯანში ყოველ 48 წუთში ერთი, ანუ დღეში 30 ემიგრანტი ფიქსირდება. ამჟამად ქვეყნის მოსახლეობა 10,352.961 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელზე 0.44%-ით მეტია.