რამდენი გრადუსი უნდა იყოს ზამთარში ტემპერატურა შენობაში
„საცხოვრებელი შენობებისთვის, მისაღებ ოთახში და ასევე საზოგადოებრივ შენობებშიც კომფორტის ტემპერატურად ითვლება 22 გრადუსი. ეს მაშინ, როდესაც ადამიანი სახლშია და ისვენებს. საძინებელში არ არის ამხელა ტემპერატურა საჭირო. საკმარისია 18-19 გრადუსი, რათა ადამიანმა კარგად გამოიძინოს“,- ამის შესახებ პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ დაწესებულებებში და სამსახურებში, ხშირად დარღვეულია ჰაერის ტემპერატურის ნორმები.
„რაც შეეხება საოფისე სივრცეს, სკოლებს უნივერსიტეტებს და ა.შ., სადაც ყველაზე დაუცველია ტემპერატურის ნორმები, უნდა იყოს 20 გრადუსი, რათა ადამიანებმა კარგად იმუშაონ.
ზაფხულში ოფისებში ხშირად უყენიათ კონდიციონერები 17 გრადუსზე. ჩვენთან ნონსენსი ხდება, რადგან ზამთარში უყენიათ ხოლმე 25 გრადუსზე და ზაფხულში 17-ზე. ეს არ არის სწორი და მისაღები. სავაჭრო ცენტრებშიც გამყინვარებაა ხოლმე და მე ზაფხულში ხშირად გამოვსულვარ გარეთ, რადგან მივმხვდარვარ, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის კარგად არ დასრულდებოდა.
სახლში, რა თქმა უნდა, ადამიანებს ინდივიდუალური სურვილების მიხედვით შეუძლიათ ჰქონდეთ ტემპერატურა, მაგრამ საზოგადოებრივ შენობებში ეს რეგულირდება ნორმებით“,- აღნიშნა ნანი მეფარიშვილმა.