რეგიონებში კორუფციული შემთხვევები იზრდება - პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“-TI
საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები. პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „კორუფციის რუკა“.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიაში, დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ თანხის თითქმის მესამედი - მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ.
„კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში. კონკრეტული კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.