საზოგადოება
,,ახალციხევ, აჯანყდი" - რუსთაველის ძეგლთან აქცია მიმდინარეობს
ახალციხეში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. ორ დღეში ორასამდე დაკავებული ადამიანი, დაშავებული მოქალაქეები და ჟურნალისტები, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები - ვითარება სულ უფრო მწვავდება.
მომხდარის გამო, მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს დედაქალაქსა და რეგიონებში. მორიგ საპროტესტო აქციას დღეს უკვე ახალციხეში ჟურნალისტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარდა, შეუერთდნენ ადგილობრივი მაცხოვრებელები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.
,,სანამ, ჯერ კიდევ შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა, გამოდით! აქამდე, ამბობდნენ ევროპაში მიგვყავს ქვეყანაო, მაგრამ საქმით სხვა რამეს სჩადიოდნენ. ახლა სიტყვითაც გააცხადეს!
წლების წინ, ვითომ პატივს სცემდნენ სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს, მაგრამ ე.წ აგენტების კანონით, მათი დისკრედიტაცია გააცხადეს!
ამბობენ, რომ მოქალაქეების პროტესტის გამოხატვის უფლება დაცულია, მაგრამ სინამდვილეში, სასტიკად უსწორდებიან, სცემენ და იჭერენ! შორს არ არის ის დრო, ამასაც ღიად რომ გააცხადებენ სიტყვით, თორემ ქმედებას ისედაც ცხადად ვხედავთ!
ყველას და ყველაფერს შეეხება ეს ძალა და ცოდოა ეს ქვეყანა! ცოდოები ვართ ჩვენ, ყველა! ვისაც არაფერი უნდა, გარდა თავისუფლებისა და იმისა, რომ საკუთარი შრომით, აშენოს ეს ქვეყანა!
ვიცი, რომ ბევრს შესტკივა გული ახალციხეში და იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ეს აქციაზე ჩანს ხოლმე! აღარ არის ერთმანეთის ყურების და თვალ-ყურის ახვევის დრო! ეს რეალურად ხდება და სანამ დროა, უნდა ავჯანყდეთ!
მე გავალ შოთა რუსთაველის ძეგლთან და ჩემ წილს პროტესტს გამოვხატავ.
გამოდით, გამოდით, გთხოვთ!
ახალციხევ, აჯანყდი!“,- ნათქვამია განცხადებაში.
Տարածեք :