საზოგადოება
იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა იზრდება, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება
„ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,” – ამის შესახებ ნათქვამია საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაში, რომლითაც ისინი ემიჯნებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობის გაზრდილია იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა, ვინც ამ განცხადებას ხელს აწერს. კერძოდ, თუ გუშინ განცხადებაზე ხელისმომწერთა რაოდენობა 300 ადამიანს შეადგენდა, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საჯარო სექტორში დასაქმებული 372 პირი ემიჯნება.
განცხადება ელექტრონულია და მასზე ხელისმომწერთა სია განახლებადია.
"მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში, იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი წინაპრებისგან გარდაუვალი სურვილით ნაკარნახევი, ადამიანზე ორიენტირებული და დაცული მომავლისთვის ყოველდღიური შრომა იყო. ვშრომობდით რა იმ მომავლისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს,
ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას!
ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ! ვემსახურებით საქართველოს!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
Տարածեք :