ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა დღეს, 27 დეკემბერს დაწერა.
აღნიშნულს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მიხეილ ბუცხრიკიძე აქვეყნებს და ამატებს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება, გუშინ გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია, სადაც ემიჯნებოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო, გმობდა ძალადობას, რომელიც აქციების დროს ხდება და ასევე აპროტესტებდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს.
"დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან.ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული.პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას"- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ბუცხრიკიძე და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას აქვეყნებს.