ახალციხის მერია, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ახალი თეატრის "მანიფესტის" ჩატარების წინააღმდეგია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, შოთა რუსთაველის მიმდებარე ნახევარი დღით გზის გადაკეტვაზე უარი უთხრა.
"ახალი თეატრი" თეატრალური სახალხო წარმოდგენის გამართვას, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ გეგმავდა, რისთვისაც სცენა უნდა დამონტაჟებულიყო, ამიტომ ნაწილობრივ გზის გადაკეტვა იქნებოდა საჭირო.
გზის გადაკეტვის მოთხოვნით, ახალციხის მერიას ჯაბა ნათენაძემ მიმართა, საპასუხოდ კი მიიღო, რომ მუნიციპალიტეტის მერია გზის გადაკეტვის წინააღმდეგია. მერია აცხადებს, რომ აღნიშნული ქუჩა მხოლოდ მაშინ იკეტება, როცა მასშტაბური ხასიათის სახალხო ღონისძიება ტარდება.
უარის შემდეგ, ჯაბა ნათენაძემ მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მეორედ მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ,,მანიფესტი“ახალციხეში 30 მარტს ჩამოვა. საპროტესტო ,,მანიფესტი’’, რომლის მთავარი გზავნილია "სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ", ღია ცის ქვეშ 19:00 საათზე გაიმართება. თეატრალურ ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
ახალციხელი მაყურებლის წინაშე, ახალი თეატრის ,,მანიფესტი“ საპროტესტო მანიფესტითა და სპექტაკლის მოდერნიზებული ვერსიით წარდგება.
მიუზიკლი „მე გადავცურავ ზღვას“, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა 2023 წელს დადგა და ყოველთვის დარბაზში იმართებოდა, თუმცა იანვარში საპროტესტო აქციებისას ქუჩაში გადაინაცვლა.
"მანიფესტი" უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში და გორში.