ბორჯომის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოვაჭრეებს დახლები გადაყრილი დახვდათ
ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს, ჯიხურების წინ გამოტანილი დახლები დღეს, 26 აპრილს დამტვრეული და გადაყრილი დახვდათ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ სავაჭრო ობიექტი იმდენად მცირე მოცულობისაა, გასაყიდი პროდუქტი და ნივთები არ ეტევათ. მისი შემცირებით კი თავის რჩენას ვერ შეძლებენ. ამიტომ იძულებულები იყვნენ პროდუქტი ჯიხურების წინ დახლებზე განეთავსებინათ.
პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ათამდე ჯიხური მდებარეობს, რომელიც მეპატრონეებმა აუქციონის წესით შეისყიდეს. ამბობენ, რომ მის შესასყიდად ბანკიდან კრედიტები აიღეს, რომლის გადახდასაც მხოლოდ სავაჭრო ობიექტში განთავსებული პროდუქტითა და ნივთების გაყიდვით, ვეღარ შეძლებენ.
დაზარალებულებთან ამ დრომდე არ მისულან ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოვაჭრეები არ მალავენ, რომ დახლების აღების თაობაზე გაფრთხილება ორი კვირის წინ მიიღეს, თუმცა ამბობენ, რომ დახლებს ვერ აიღებდნენ, რადგან სხვაგვარად ვაჭრობის შედეგი მინიმალურია.
ბორჯომში იმყოფება ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფი. ვიდეო–მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.