ვალეში, მეხის დაცემის შედეგად, მოსახლეობას ელექტროტექნიკა დაეწვა
ქალაქ ვალეს მოსახლეობის ნაწილს, 4 აგვისტოს, ელექტროტექნიკა გადაეწვა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღის მეორე ნახევარში, ძლიერი ჭექა–ქუხილი იყო, რასაც ტელევიზორების, სატელიტური ანტენის მიმღების, ინტერნეტის მოდემების, პერსონალური კომპიუტერების, წყლის გამათბობელისა და სეთთოფბოქსის დაწვა მოჰყვა.
დაზარალებულმა მოსახლეობამ “ენერგო–პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე გუშინვე დარეკა. კომპანიაში ამბობენ, რომ სადენებს მეხი დაეცა, თუმცა ტრანსფორმატორები არ დაზიანებულა.
“უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს. ორშაბათს კომისია ვალეში ჩავა და ადგილზე შეისწავლის სიტუაციას. თუ დადგინდება, რომ ელექტროტექნიკის დაზიანება ძაბვის გამო მოხდა, კანონმდებლობის შესაბამისად ხდება რეაგირება – ზარალის ანაზღაურება ან სხვა მოქმედება” – ამბობენ “ენერგო–პრო ჯორჯიას” საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურში.