"ხანძრები ეჭვს აჩენს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი" – კახა კალაძე
საქართველოში ხანძრის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრისას, კახა კალაძემ დივერსია არ გამორიცხა.
”დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ”, - აღნიშნა კალაძემ.