სამართალი
ახალციხეში ქმარმა ცოლის დახრჩობა სცადა
ოჯახში ძალადობის შემთხვევა ქალაქ ახალციხეში. მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა. ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანა.
„ქალბატონი გადაყვანილია ბინიდან, კისრის არეში აქვს ზედაპირული დაზიანებები“, - გვითხრეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.
დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
„ახლა ნორმალურადაა, მოტეხილობა ან რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოხრჩობის მცდელობა იყო, სისხლჩაქცევები აქვს ყელის არეში. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ, გამოკვლევები აღარ უტარდება, მაგრამ რჩება ჩვენთან“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
უწყების ინფორმაციით, ინცინდენტში მონაწილე მამაკაცი დაკავებული არ არის.
Տարածեք :