ცრუ ჩვენებაში ბრალდებულებს მოსამართლემ გირაო შეუფარდა
გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასი ლარი გირაო შეეფარდათ. სასამართლო სხდომა დღეს, რვა აპრილს დისტანციურად გაიმართა.
ამ თანხის ოდენობს გირაოს შეფარდებას ოთხოვდა დაცვის მხარე, პროკურატურამ კი ხუთ-ხუთი ათასი ლარი მოითხოვა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
იმუნიზაციის კაბინეტის ექიმის ვიოლეტა ინასარიძისა და ექთან თეა გზირიშვილის ინტერესებს ადვოკატი შალვა გოგოლაძე იცავს. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არა ვიოლეტა ინასარიძემ, არამედ რეანიმატოლოგმა ბექა ლიპარტელიანმა გაუკეთა. შალვა გოგოლაძის თქმით, ვიოლეტა ინასარიძემ დაძაბული სიტუაციის გამო, ანერვიულებულმა თქვა, რომ თვითონ გაუკეთა, მოგვიანებით კი ისევ თვითონ მივიდა გამომძიებლებთან და უთხრა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო. რაც შეეხება ექიმ-რეანიმატოლოგ ბექა ლიპარტელიანსა და ექთან თეა გზირიშვილს - ადვოკატის თქმით, მათ ეს დეტალი კოლეგიალობის გამო დამალეს.
"ბექა ლიპარტელიანმა პირველადი დახმარება გაუწია და მანვე გაუკეთა ადრენალინი. ყველაფერი დროულად გაკრთდა და შედეგზე გავლენა მათ ქმედებებს არ მოუხდენია. ვიოლეტას რაც შეეხება, დაძაბული იყო ვითარება, გახსოვთ, მინები ჩაამტვრიეს და ამიტომ განაცხადა, რომ იქ იყო და თავად გაუკეთა ადრენალინი. თუმცა მერე რომ დაფიქრდა, განიცადა და ისევ თვითონ მივიდა გამომძიებელთან და ჩვენება შეცვალა", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ, ვიოლეტა ინასარიძის და თეა გზირიშვილის ადვოკატმა.
შვიდ აპრილს, საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალციხელი მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.