სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,2022 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 151 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 36 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, აჭარაშიც - 24, იმერეთში - 20, შიდა ქართლში - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, გურიაში - 7, ქვემო ქართლში - 6, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.