სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები გაიზარდა
სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები გაიზარდა - ყველა სხვა სამოხელეო დანაშაული კი შემცირდა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 8.33%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს აღნიშნული დანაშაულის 26 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2022 წლის 1-ელ 9 თვეში 24 შემთხვევა იყო. ოფიციალური მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტების გარდა, ყველა სამოხელეო დანაშაული შემცირებულია. კერძოდ,
ქრთამის მიცემის ფაქტები 25%-ით,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები - 42.19%-ით;
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები - 22.46%-ით;
სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები წლიურად - 59.57%-ით;
სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები - 23.38%-ით,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები - 100%-ით;
ხოლო განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების ფაქტები კი 20%-ით არის შემცირებული.
ამასთან, შს სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიურად შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 311 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულების 432 შემთხვევა. რეგისტრირებული შემთხვევები წლიურად 28.01%-ით ანუ 121 შემთხვევით არის შემცირებული.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 311 შემთხვევიდან გაიხსნა 54 საქმე, ანუ გახსნის მაჩვენებელია - 17.36%, ხოლო 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 432 ფაქტიდან გაიხსნა 102 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელმა 23.61% შეადგინა.