სამართალი
ახალციხელ ჯარისკაცს ათობით დაზიანება და ცემის კვალი ჰქონდა - ირაკლი აფრიამაშვილის დედა
41 წლის ქართველი ჯარისკაცის თვითმკვლელობის ვერსიას აფრიამაშვილის ოჯახი გამორიცხავს. დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ხუთმა სამხედრომ სასტიკად სცემა და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ცხედარი ხეზე ჩამოკიდა.
სამხედრო მშობლების სახლში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 12 იანვარს, გადაასვენეს. “შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში 21 წლიანი სტაჟის მქონე ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ შვილის მკვლელობაში იმ წუთიდან დარწმუნდა როდესაც ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში მიასვენეს და ქალმა ჯარისკაცის სხეულზე ათობით დაზიანება და ცემის კვალი აღმოაჩინა.
,,ვის აქვს იმის უფლება, რომ ოთხი იქნება, ხუთი თუ ათი ადამიანი, ერთ ადამიანს მიუვარდეს სახლში, მოკლას და მერე ის დააბრალო, რომ თავი მოიკლა. გააკეთონ ეს საქმე ისე, რომ დამნაშავეები გამოავლინონ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. მთელ სიცოცხლეს შევწირავ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანას" - ამბობს ნაზი აფრიამაშვილი.
ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები ცხედარს ასეთი ათობით მძიმე დაზიანება სახეზე და მთელს სხეულზე ჰქონდა მიყენებული. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყება ფაქტს მხოლოდ ერთი - 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.
10 ინავრს ირაკლი აფრიამაშვილი ისვენებდა-მისი ადვოკატი აცხადებს, რომ საღამოს მასთან პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ჯარისკაცი ბექა შაშმილოვი მივიდა. სავარაუდოდ ალკოჰოლი მიიღეს. მოულოდნელად აფრემიაშივლის სახლში კიდევ ოთხი სამხედრო გამოჩნდა. მათ შორის იყო ჯარისკაცი, რომელსაც გარდაცვლილ სამხედროსთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა.
დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენას სავარაუდოდ, აფრიამაშვილის სახლში დაპირისპირება მოჰყვა, რადგან მის სახლში გამომძიებლებს ყველაფერი თავდაყირა დახვდათ. მათ შორის დამტვრეული ჭურჭლის ნაწილი. კრიმინალისტებმა დალუქეს და საქმის მასალებში ჩადეს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯარისკაცებმა ირაკლი ჯგუფურად სცემეს და თავში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
,,ამ სახლში მოხდა სავარაუდოდ შეხვედრა, ჩემი ინფორმაციით ჯარისკაცი იყო ყველა, ვინც მას საქმე გაურჩია. ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება და ეს გახდა ალბათ იმის საბაბი, რომ დაესაჯათ. როგორც ვხვდები, არც აცალეს ირაკლის ახსნა. ირაკლი მოკლეს და შემდგომ გაითამაშეს, თითქოს თავი ჩამოიხრჩო.. ერთ-ერთი ფიგურანტი ამ სოფელში ცხოვრობს და თავისუფლად შეეძლოთ მათ, ისე გაეტანათ ცხედარი, რომ ვერც ვერავინ დაინახავდა. მიტოვებული სახლებია აქ უმეტესად და ფაქტობრივად, სადაც ნახეს ირაკლი ხეზე დაკიდებული, იქაც არავინ ცხოვრობს" - აცხადებს ადვოკატი მერაბი.
უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მინიმუმ 5 ჯარისკაცი მონაწილეობდა და ცემის დროს კი მათ ირაკლი აფრიამაშვილი შემოაკვდათ, ცხედარი კი ავტომობილით სოფლის განაპირას წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ გაუჩინარებული სამხედრო ძებნის დროს ცხედარი ტყეში, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა იპოვა, ოჯახი ეჭვობს, რომ ეს სწორედ ის სამხედროა, რომელიც მანამდე ირაკლი აფრიამაშვილის ცემაში მონაწილეობდა.
გაქცეულია და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს არც გიგა გიგაურიც - პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე სოფელ ქვემო სობისიდან. ჯარისკაცის ცემის საქმეში რომ გიგაური ნამდვილად ფიგურებს, ეს მის სოფელშიც იციან. მეზობლები გვიყვებიან, რომ ამ ფაქტს შემდეგ ის ჯარიდან დაითხოვს და სოფელიც მალე დატოვა.
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებს შორის მომხდარ ჩხუბს ადასტურებს. გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ქვეითთა პირველი ბრიგადა გორში მდებარეობდა, რის გამოც კაპრალმა მალე, გორშივე იყიდა სამოთახიანი ბინა და სოფელ ახალშენში სახლი, მიწის ნაკვეთით. 41 წლის ირაკლი აფრიამაშვილს 16 იანვარს ახალციხეში დაკრძალავენ. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
Տարածեք :