ვალეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჭაში კაცი დაიღუპა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, კაცი ჭაში წყლის ჩამკეტებს აკეთებდა.
დაშავებული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს. შემთხვევა 24 ივნისს მოხდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.