როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იქნეს გარეული შესაბამისი ნივთიერებები - შსს
როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იქნეს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით, ეს გაზი იქნება, თუ სხვა საშუალებები, საღებავიც შეიძლება იქნეს გარეული და ა.შ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტის კითხვას - აქციაზე გამოყენებულ წყლის ჭავლში იყო თუ არა გარეული, რაიმე ნივთიერება.
დარახველიძის განმარტებით, პოლიციას კანონით მინიჭებული აქვს უფლება,რომ გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, მათ შორის სპეციალური საშუალებები, როგორც პასიური, ისე აქტიური სპეციალური საშუალებები.
„პასიურ საშუალებებში მოიაზრება თავდაცვის ის საშუალებები, რომლითაც ხდება პოლიციელების აქციის მოძალადე წევრებისგან დაცვა. რაც შეეხება აქტიურ საშუალებებს, ეს იქნება წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, თუ სხვა საშუალებები, ამას ვიყენებთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც კანონში არის განსაზღვრული, ანუ მთავარი ტესტი აქ არის პროპორციულობა იმ საფრთხიდან გამომდინარე, რაც დგას და რაც აუცილებელია მომდინარე ზიანის აღსაკვეთად, ამ შემთხვევაში, პოლიცია იყენებს ყველა საშუალებას, რაც განსაზღვრულია.
საზოგადოება ხედავდა, რომ გამოყენება ხდებოდა წყლის ჭავლის, გარკვეულ შემთხვევაში ხდებოდა წიწაკის სპრეის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში სხვა საჭიროებების გამოყენება, თუმცა ყველა კონკრეტულ საშუალებაზე მე,ახლა, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმიტომ, რომ ეს პროცესი ხანგრძლივად გრძელდებოდა.
ხედავდით, რომ დაახლოებით, 12 საათის მანძილზე ჩვენი თითოეული დანაყოფი მობილიზებული იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ ჩვენ ვიყენებდით კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას იმ ფარგლებში, რაც არის დადგენილი რეგულაციებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.