დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 403 600 ლარს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით.