რას ჰყვება "სმარტის" მენეჯერი შენობაში მომხდარ აფეთქებაზე
სუპერმარკეტ "სმარტის" ახალციხის ფილიალში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, tv9news.ge -თან კომენტარი მენეჯერმა რუსუდან ოქრომელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა შენობის მეორე სართულზე სადაც აფეთქება მოხდა, წყლის ბოილერებია დამონტაჟებული და არ გამორიცხავს, რომ აფეთქება სწორედ ამ დანადგარებზე მოხდა.
"ჯერ კიდევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დღესაც დალუქულია შენობა და არ შეგვიშვეს, ყველაფერს ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა რა მოხდა. ეს იყო მეორე სართულზე, გარე სივრცე სადაც წყლის ბოილერებია დამონტაჟებული, შესაძლოა ეს ყოფილიყო წყლის ბოილერი მაგრამ, ვიდრე ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, ზუსტად ვერ ვიტყვი, შეიძლება ვცდებოდე" -ამბობს, რუსუდან ოქრომელიძე.
მისი თქმით, აქამდე შენობაში რაიმე ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ სუპერმარკეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა თუმცა, შენობის პირველ სართულზე დარბაზს და მეორე სართულზე არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა.
მენეჯერის თქმით, აფეთქებისას ობიექტზე ოთხი თანამშრომელი იმყოფებოდა, ოთხივე მათგანი შენობიდან უვნებლად გამოვიდა. ადგილზე კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სამართალდამცველებს რუსუდან ოქრომელიძე ჯერ არ გამოუკითხავთ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის - 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.