რა იცვლება კანონში ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის მუხლში.
კერძოდ, პროექტის მიხედვით, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის სახერხი, ან/და თერმული დამუშავების დანადგარის, ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყოველწლიურად გარკვეული საშეშე მერქანი გამოეყოფა - ბარში ეს არის 7 კუბური მეტრი, მთაში - 15 კუბური მეტრი.
ამასთან, კოდექსს ემატება ახალი მუხლი - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსება. ცვლილება მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსებისთვის და ა. შ.