ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ახალგაზრდა მამაკაცი შელაპარაკების დროს ქალაქ ახალციხეში, რაბათის უბანში დაჭრეს.
შემთხვევა 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქუჩაში რამდენიმე კაცი კამათობდა, რა დროსაც ერთ–ერთმა დანა ამოიღო და მეორეს მუცლის არეში დაარტყა.
გონდაკარგული მამაკაცი სისხლდენით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
"მე–9 არხს" შსს–ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაული გახსნილია. გამოძიებას უკვე ჰყავს მხილებული პირი.