სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3290 პირუტყვს ჩაუტარდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარები ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. ამ დროისათვის ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში (აწყური, ჭვინთა, გომარო, ნაქურდევი, გოგაშენი, ფია, ორგორა) 3290 პირუტყვია დამუშავებული.
"სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება- ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის მატარებელიც არის პირუტყვიც. იგი წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან როგორც ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები, ასევე ის პირები, რომლებიც მინდორში საქმიანობენ (ტკიპა ბალახსა და თივაში ბინადრობს).
სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს ყოველწლიურად ავრცელებს.