საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მთაში არსებულ პრობლემებს აფასებს და აღნიშნავს, რომ არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება. მისი თქმით, საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია.
,,მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. და მაინც, თუ სადმე საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.
ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის.
ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“.
აკადემიკოსი მთის სამ ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.
„საუკენეების მანძილზე მთას ჰქონდა თავდაცვითი, აგრარული და კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია, მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო" - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი. „საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.