ურაველი დაისეტყვა
წუხელ, 28 მაისს, ახალციხის სოფელი ურაველი დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა ხუთ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ჩივიან.
,,საღამოს, იქნებოდა ათი საათი დაწყებული, ჯერ ძლიერი წვიმა მოვიდა, მერე სეტყვა მოჰყვა. ჯერ იყო და 17 მაისს ყინვამ დაგვაზარალა, ახლა კიდევ სეტყვამ. რაღა მოსავალი უნდა მივიღოთ?" - ამბობენ სოფელში.
დაბალ ტემპერატურას და უხვ ნალექს, ყინვა და სეტყვაც დაემატა, რის გამოც ადგილობრივები შიშობენ, რომ წელს ,,კარგი მოსავალი" არ ექნებათ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით, 2 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.