ადიგენში ტყის მდგრადი მართვის შესახებ პროექტი შეაჯამეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტი - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“-ის შეაჯამეს. პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 2023-2024 წლებში, ჯამში, 563,540 ევრო დაიხარჯა. პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და სლოვენიური კომპანიების კონსორციუმმა განახორციელა.
მხარეები პროექტის მესამე ფაზის საპროექტო განაცხადზე გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2025 წლიდან განხორციელდება. სლოვენიის დელეგაციის წარმომადგენლები პროექტის პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, სოფელ მოხეში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო სოფელ კეხოვანში 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზა მოეწყო; ადგილობრივი მოსახლეობის, სლოვენიელი მოხალისეებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, სოფელ ნაქურდევში, საზაფხულო ბანაკების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით: ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსები გაიარეს; სოფელ ჩორჩანას საქმიან ეზოში ტყეში უსაფრთხო მუშაობის, თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირება გაიმართა.