19 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ფერიცვალებას აღნიშნავს
19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ფერიცვალებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა ურავლის ტაძარში აღავლინა. მეუფე თეოდორემ წირვის დასრულების შემდეგ ფერიცვალების დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა.
თაბორის მთაზე, იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგათ, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ.“
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მაცხოვრის ფერიცვალება თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ–ერთია. ამ დღეს ყველა მართლადიდებლურ ტაძარში წირვა აღევლინება. ლიტურგიის შემდეგ, ტრადიციულად, მოძღვარი მორწმუნეების მიერ მიტანილ ხილს აკურთხებს. დღესასწაული მარხვის დღეს ემთხვევა, ამიტომ პატრიარქის კურთხევით, ფერიცვალება თევზით ხსნილია.