რელიგია
ტრადიციული წუწაობა ქალაქის ქუჩებში - ახალციხეში "ვარდავარს" აღნიშნავენ
სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს, 28 ივლისს "ვარდავარს" აღნიშნავს. დღესასწაული ყველა ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვებსა და მორწმუნე უფროსებს ამ დღის აღსანიშნად განსაკუთრებული წესები აქვთ.
ილია მართლის ქუჩაზე, წელსზევით შიშველი 8-10 წლის ბავშვები ბოთლებს წყლით ავსებენ და ერთმანეთს ასხამენ. მათთვის წუწაობა რელიგიური დღესასწაულის - "ვარდავარის" ყველაზე სახალისო ნაწილია. წყლის შესხმის მნიშვნელობა არ იციან, თუმცა ამბობენ რომ ეს ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს უნდა შესრულდეს. ბავშვებისგან განსხვავებით, მისი დანიშნულება კარგად იციან მოზრდილებმა. წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ, წყალი ამავდროულად საღვთო მადლს აღნიშნავს.
"ჩემთვის ამ დღეს წუწაობა ცოდვებისგან განწმენდას ნიშნავს",- ამბობს სერგო ფიდანიანი. ის ვარდავარის დღესასწაულს ტაძარში ყოველ წელს ესწრება. მისი თქმით, ეს დღე წელს ყველაზე გამორჩეულად აღინიშნა.
"წირვის დასრულების შემდეგ გავედით სოფელ ჭვინთის ზემოთ, მთებში. ჩავატარეთ კონცერტი, სადაც ქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლის გარდა, მონაწილეობდნენ სოფლების წირის, პატარა პამაჯისა და წყალთბილას მოცეკვავეთა ჯგუფები, ყველა კარგად გაერთო".დღის პირველ ნახევარში სომხურ სამოციქულო ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. მორწმუნე მრევლი წელს წყრუთის ეკლესიაში შეიკრიბა.
"ვარდავარის" ანუ ფერისცვალების დღესასწაულს საფუძვლად სახარებისეული ეპიზოდი დაედო, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტე თავის სამ მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა.
"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია სომეხი ხალხისთვის, ყველა ერთად ვიკრიბებით ტაძარში, ვესწრებით კონცერტს და ამის შემდეგ წყალს ვასხამთ ერთმანეთს",- ამბობს ანა ჩილინგაროვა.
ვარდავარი სომხების უსაყვარლესი საზაფხულო დღესასწაულია. თარიღი აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სომხეთის პირველმა კათოლიკოსმა, გრიგოლ განმანათლებელმა ფერიცვალების დღესასწაულად ნავასარდის თვის პირველი დღე დაადგინა. ამ დღეს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომლის ელემენტებიც ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულშიც შემორჩა.მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. პირიქით, მადლობაც კი უნდა გადაუხადოს მიმლოცველს. საუკეთესო შემთხვევაში მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს.
Տարածեք :