რელიგია
საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამო, რელიგიურ ორგანიზაციებს ბიუჯეტიდან თანხა გამოეყო
საქართველოში, რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფო „საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს“ ნაწილობრივ უნაზღაურებს. ამ მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2020 წლის ბიუჯეტში 4 მლნ. 500 000 ლარი გაითვალისწინა. აქედან 3 მლნ. 500 ათასი ლარი ოთხ კონფესიაზე უკვე გადანაწილდა.
საქართველოს ისლამური თემი 2 200 000 ლარს მიიღებს, სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს 600 000 ლარი შეხვდა, რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს 400 000 ლარი გამოეყო, იუდეურ თემს კი 300 000 ლარი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დარჩენილ მილიონ ლარს, კონფესიებზე მოგვიანებით გაანაწილებს.
ვალის ტაძრის წინამძღვარი მიხეილ სურმავა განმარტავს, რომ 400 000 ლარი მხოლოდ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას არ გამოეყო. თანხა სამ განშტოებაზე გადანაწილდება. ასირიულ-ქალდიური, რომაულ-კათოლიკური და სომხური-კათოლიკური.
„რა პროცენტებით გადანაწილდება არ ვიცი. ასირიულ-ქალდიურს უფრო ნაკლები მრევლი ჰყავს, ვიდრე რომაულ-კათოლიკურს. ამ თანხის 20% საშემოსავლოს სახით ისევ უკან დაუბრუნდება სახელმწიფოს. ეს დაფინანსაება არის მხოლოდ ციფრები. გარდა ამისა, ამ თანხას ჩვენ პირდაპირ არ გვაძლევენ. მაგალითად, კომუნალურს ვერ გადავიხდით, შეგვიძლია შევისყიდოთ ნივთები, გავარემონტოთ შენობა ან მანქანა. მაგრამ აქაც შესათანხმებელია. ერთხელ სომხურმა-კათოლიკურმა ეკლესიამ რაღაც იყიდა და მერე პრობლემები შეიქმნა. თუ რაიმეს გარემონტება გვინდა, უნდა შევადგინოთ პროექტი, ყველა ანგარიშფაქტურა წარმოვადგინოთ და სახელმწიფო გადარიცხავს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გამოყოფილი თანხით, ვიყიდეთ პრინტერები. მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირ აძლევენ ფულს და რასაც უნდა იმას გააკეთებს. ისინი უფრო თავისუფლები არიან, მათ შორის გადასახადებისგან“, - გვითხრა მიხეილ სურმავამ.
ბიუჯეტიდან თანხის განკარგა დამოუკიდებლად რომ არ შეუძლიათ, იციან სომხურ სამოციქულო ეკლესიაში. სამცხე-ჯავახეთის და წალკის ეპარქიის ვიკარიატის ვიკარიუსი ვარდაპეტი მაღაქია ამირიანი გვიხსნის, რომ 600 000 ლარიდან მცირე ნაწილი, მის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში გადანაწილდება.
„რა პირობებითაც გადმოგვცემენ თანხას, იმის ფარგლებში, საჭიროებების მიხედვით გავანაწილებთ. გავითვალისწინებთ ეკლესიის გეგმებს კულტურის, განათლების მხრივ, ტაძრების რეაბილიტაციას, ასევე სასულიერო პირების ანაზღაურებას. ჩვენ გვექნება გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ მთავრობას, რითაც ვაჩვენებთ სად უნდა დავხარჯოთ გამოყოფილი თანხა. ეს სახელმწიფოს მიერ დიდი მხარდაჭერაა ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი კულტურის, განათლების, კამპანიის გეგმები განახორციელონ“.
რა მიმართულებით დაიხარჯება 2 მლნ. 200 000 ლარი, რომელიც საქართველოს ისლამურ თემს გადაეცემა, არ უმსჯელიათ სამუფთო სამმართველოში. ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ფიქრობს, რომ თანხა უნდა მოხმარდეს კომუნისტური რეჟიმის დროს დაზიანებულ ისტორიული ძეგლების აღდგენას.
„სახელმწიფომ ამ კუთხით თუ დაიწყო მუშაობა კარგია. თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობა დაზარალდა კომუნისტური მმართველობის დროს და მნიშვნელოვანია მათ მიეცეთ საშუალება, ძველი ისტორიული მემკვიდრეობის - ტაძრების, სინაგოგების თუ მეჩეთების რესტავრაცია მოხდეს. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა მიმართულებით შეიძლება სარგებლის მიღება. საინტერესოა, რა სურს სახელმწიფოს, რა მიზანი ამოძრავებს, რაში შეიძლება დაიხარჯოს. უნდა მოხდეს სახელმწიფოს და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების შორის შეჯერება, რისი გაკეთება შეიძლება“.
„კონფესიებს თანხის ერთპიროვნული განკარგვის უფლება არ აქვთ“, - ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე ჯავახეტში. ელვარდ ზაზაძის თქმით, ბიუჯეტიდან ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული თანხა კონკრეტული მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. კონფესიისთვის გადასაცემი თანხა წევრთა რაოდენობის მიხედვით ითვლება.
„ყველა კონფესია, რომელიც იღებს თანხას, ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს წინაშე. მასში შედის საბჭოთა პერიოდის დროში მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ სადმე უნდათ საკულტო ნაგებობის რესტავრაცია, გაზის, წყლის ან სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს უნდა აისახოს დოკუმენტურად და წარედგინოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. თუ არამიზნობრივად იგეგმება დახარჯვა, ამაზე სააგენტო უარს ეტყვის. ამ წესებს ემორჩილებიან მართლმადიდებლებიც“, - გვითხრა ელვარდ ზაზაძემ.
საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსება სახელმწიფომ 2014 წლის 27 იანვრის #117-ე დადგენილების საფუძველზე დაიწყო. იმავე წელს აღნიშნული გაერთიანებებისთვის გადაცემული თანხა 1,750,000 ლარით განისაზღვრა.
2015 წლის დადგენილებით, რელიგიური ორგანიზაციებისთვის გამოიყო 3,500,000 ლარი. 2016 წელს ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსება განსაზღვრული იყო 4,5 მილიონი ლარით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, დაფინანსების მაჩვენებელმა იკლო და 3,500,000 ლარი შეადგინა.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (tdi) თანხების ასე განაწილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საბჭოთა რეპრესიების დროს ზიანი მიადგა გაცილებით მეტ რელიგიურ გაერთიანებას. "მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის აღიარება დაზარალებულად, ავლენს სახელმწიფოს დიფერენცირებულ და დისკრიმინაციულ მიდგომას“, - ამბობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.
27 იანვრის #117-ე დადგენილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (gyla.ge) მაშინვე გაასაჩივრა, რადგან მიიჩნია, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა სხვა რელიგიური თემების მიმართ. საია საკონსტიტუციო სასამართლოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართა.
„სახელმწიფოს მიერ რელიგიურ ორგანიზაციებზე ფულის ფეშქაში არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ფულის ფლანგვა, ზიანის მიყენება სახელმწიფოებრიობაზე“, - დაწერა ფეისბუკზე ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ.
Տարածեք :