რელიგია
მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას იგივე თომას კვირას აღნიშნავენ
ქრისტიანული სამყარო დღეს, 9 მაისს, კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღეს თომას კვირაც ეწოდება.
წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა რომ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.”
თომა მოციქულის წმ.ნაწილები ახალქალაქში
იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელსაც მორწმუნეები განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, თომა მოციქულის წმ.ნაწილები ახალქალაქში, დეკანოზმა ალექსანდრემ ტაძარში გამოაბრძანა და მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა ტურინის სუდარის ასლთან ერთად მიახლებოდა. ტურინის სუდარის ასლს სხვაგვარად მეხუთე სახარებასაც უწოდებენ.
ტურინის სუდარის ასლი ახალქალაქში
ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ასპინძის სოფელ საროში. კვირაცხოვლობა სოფლის მთავარი დღესასწაულია. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, წელს პირველად სოფლის დღესასწაული არ აღინიშნა.
Տարածեք :