მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ - მეუფე იაკობი
,,მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს რომ ლაპარაკობენ, ლამის მაცივარში გვამები და რაღაც სადისტური ისინიცალკეულ ადამიანებს შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ, რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს? პირდაპირ გეუბნებით, თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ არ უნდა იყოს, ვნახოთ ფაქტი, თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან "- ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე საუბრისას.
ნინოწმინდის პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
10 ივნისის მონაცემებით, პანსიონიდან 27 ბავშვია გამოყვანილი, 26 კი ადგილზე რჩება. პანსიონში ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველის აპარატს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა.
და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო.
თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია".
6 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ის უნდა გასაჩივრდეს, რადგან პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
მათივე შეფასებით, "პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ".
ორგანიზაცია პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომლის საჩივარმაც განაპირობა სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ, საპატრიარქოს პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს განჩინებას დროებითი ღონისძიების შესახებ, რაც გამოსცა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, პანსიონში, 53 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა.
ომბუდსმენის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს.