რელიგია
აღსარების საიდუმლო და მედიის ნაწილის ორმაგი სტანდარტი - პატრიარქი სუსის ფაილებზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „სუსის მასალების“ გავრცელებას განცხადებით ეხმაურება.
„გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია", - აცხადებს პატრიარქი.
ილია მეორის განცხადებაში ლაპარაკია მედიის ორმაგი სტანდარტის შესახებ. პატრიარქი მიუთითებს მედიის ნაწილის მხრიდან დანაშაულის ხელშეწყობაზე.
„იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, - ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით.
მაგ. ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!" - ვკითხულობთ პატრიარქის წერილში.
ილია მეორე ყურადღებას ამახვილებს სასულიერო პირების შესახებ „სუსის მასალებში" მოცემულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ ფაილები საეკლესიო სასჯელის დადების თვალსაზრისით, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.
განცხადების ბოლო ნაწილში ილია მეორე ეხება სასულიერო პირების მიმართ ფარული მიყურადების საკითხს. „იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი.
12 სექტემებრს გვიან ღამით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.
Տարածեք :