მეუფე მელქისედეკი უკრაინელ ბავშვებს ეპარქიაში დროებით საცხოვრებელს სთავაზობს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) უკრაინელ ბავშვებს ეპარქიაში დროებით საცხოვრებელს სთავაზობს. ეპისკოპოსი ამბობს, რომ 30 ბავშვის მისაღებად ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.
იგი ორგანიზაციებს მიმართავს, რომლებიც ამ საკითხებს კურირებენ. ეუფის თქმით, უკრაინელ ბავშვებს საქართველოში მანამდე დაიტოვებს, ვიდრე უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.
„რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას. ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) უზრუნველვყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში სპეციალური ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ამგვარ საკითხებს კურირებენ. გთხოვთ მიაწვდინოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ ბავშვების ომის ქარ-ცეცხლიდან გამორიდება და საქართველოში ჩამოყვანა, ჩვენ კი მოგვეცეს საშუალება ჩვენი ადამიანური, მწყემსმთავრული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა”, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.