ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - მეუფე იაკობი
ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ - აცხადებს მეუფე იაკობი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის შესახებ.
„როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს, რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს, ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობომ, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას.
მისივე თქმით, მსოფლიომ „90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში“. ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 2004 წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში.
„საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?!“ - განაცხადა იაკობმა.
„მე რასაც შევხედე - ახალგაზრდები იმისთვის იყვნენ გამოსული, რომ თითოეულს უნდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, თუ რა არის კარგი. არ უნდათ რუსები, უნდათ, ისეთ ადგილას იყოს საქართველო, სადაც სიკეთე იქნება და განვითარდებიან. რა არის კარგი? მთავარია მაგაზე დავფიქრდეთ. მე მიხარია ჩვენი ერის, რადგან ეს ახალგაზრდა თაობა, საუკეთესო თაობაა. ჩვენი თაობაც თუ გაგვახსენდება, ჩვენზე გადაიარა საბჭოთა კავშირის ბოლოს რაც სიმწარე ხდებოდა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდებში ისევ ეს ქართული სული ჩქეფს და ჩვენი ერი არ გადაშენდება.
იმას ვინ დამაჯერებს, ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ რომ წაიყვანოს, ახალგაზრდებს წინ დავაყენებ? მე გავალ თვითონ და მე ვიქნები პირველი და ჩემი თაობა იქნება იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ცივი ნიავიც არ მივაკაროთ. თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ. აწი ხომ მაინც უნდა დაფიქრდნენ - ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან დაგაბრუნებდნენ? ახალგაზრდებს მივმართავ, ნუთუ ვინმე გგონიათ საზღვარგარეთ უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენზე მეტად უყვარდეს საქართველო? ეს ხომ დიდი სისულელეა“, - თქვა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.
„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელმაც მწვავე ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. პარლამენტმა ჩააგდო მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ.
მეუფე იაკობმა პატრიარქთან ხვიჩა კვარაცხელიას ვიზიტზეც ისაუბრა. ,,ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობის შეფასებით, სირცხვილია, როდესაც „ვიღაც შეუმდგარი ადამიანები“ პატრიარქს "გადასწვდებიან ხოლმე" და მათ მიმართა, გადახედონ, "ძალა სად არის".
„მჯერა, საქართველო ბოროტების გზით არ წავა. ღმერთმა შეარიგოს ქართველი ერი. თუ არ შევრიგდებით, სულ ასეთი ამბავი მოხდება. რაღაც მოხდება, იტყვიან, ესენი რუსები არიან. აბა, შეხედეთ, ნორმალურები არიან? ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები. რა ოჯახებში არიან გაზრდილები, უფროს-უმცროსობა ყოველთვის ვიცოდით საქართველოში.
ვიღაცები, შეუმდგარი ხალხი პატრიარქს გადასწვდებიან ხოლმე. რა მათი საქმეა, ვინ მივა პატრიარქთან. ის როგორ უნდა თქვან, რომ თურმე რეიტინგის აწევა უნდა, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია რომ მივიდეს მასთან. ღმერთმა უდიდეს ფეხბურთელად აქციოს, გვიხარია მისი ყურება. პატრიარქმა თაობების საქმე გააკეთა და ამ ქვეყანაში ყველას თავისი აქვს. უბრალოდ, სირცხვილია ვიღაც შეუმდგარი ადამიანები ასე რომ საუბრობენ.
ქრისტიანობა ლაჩრობას არ ნიშნავს. არ ფიქრობენ პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან ბოლოს და ბოლოს. ვითომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვინ მოგიშვებს ასე რომ იქცევი. კარგად გადახედონ, ძალა სად არის, მუქარის გარეშეა ეს, კეთილი რომ გვინდა საქართველოსთვის იმიტომ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.