დღეს ნინოობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა იმართება. ეს დღე განსაკუთრებით, ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნება. აქ წირვა იმ ადგილას აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, სომხეთიდან საქართველოში შემოსული ნინო ორი დღის განმავლობაში ისვენებდა.
წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. ისინი ფეხით მსვლელობას მართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება.
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა ილია მეორემ 35 წლის წინ დააწესა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს 12 ივლისს სვეტიცხოველში შეხვდება და დალოცავს.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.