მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, 23:40 საათზე ჩამოიტანეს. "ჯორჯიან ეარვეისის" ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვა.
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.