ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო - ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავაზიანობის აქტი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.
ჯაღმაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება.
მისივე თქმით, კატეგორიულად საკითხი დაყენებული არ არის, რომ რომელიმე ფორმულირება ჩაიწეროს.
„ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენ შინაარსზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს. ასევე, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ, აი, ამ მიმართულებით - ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს.
რაც შეეხება ფორმულირებას - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული არ არის და საკითხი ასე მკაცრად არ დგას. ამ შემთხვევაში მთავარი თემა არის რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რაც აღნიშნულს ხელს შეუწყობს. [რა ფორმულირება იქნება] ამაზე მსჯელობენ. ორშაბათს შეხვედრა იყო მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა მოსვლა ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა ხვალ შეიკრიბება და ამ ფორმულირებაზე იმსჯელებენ"- განაცხადა ჯაღმაიძემ.
საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა, - ასე ეხმაურება აღნიშნულს, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში. როგორც მთავარეპისკოპოსი აღნიშნავს, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს.
"თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას“- წერს მეუფე ზენონი.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, კი საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და „ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს“.
მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.