საროს მთავარანგელოზის ეკლესია
21 ნოემბერი, მთავარანგელოზობა განსაკუთრებით აღინიშნება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, სადაც მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს.
საროს მთავარანგელოზთა ეკლესია თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ვულკანური წარმოშობის ნაცრისფერი ქვით. შენობის კუთხეები, ღიობების წირთხლები, სარკმლის შემორჩენილი თავსართები ამოყვანილია სუფთად გათლილი ტუფით. ტაძარი გარედან შეთეთრებულია კირხსნარით, ინტერიერი დაფარულია საკმაოდ სქელი ნალესობით. მიუხედავად ამისა, ნათლად იკითხება გვიანდელი, სავარაუდოდ XIX საუკუნის აღდგენა ან გადაკეთება.
ტაძრის არქიტექტურა, მისი გეგმის გადაწყვეტა, ცალკეული დეკორატიული ელემენტები ტაძრის აგებას ადრეფეოდალური ხანისა და გარდამავალი ხანის მიჯნით, VII-VIII საუკუნეებით ათარიღებს.
სოფელ საროს ეკლესია და მიმდებარედ წინარექრისტიანულ, მშრალი წყობით ნაგები სამი ციხე, არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი რკინის ხანით თარიღდება.
საროს არქიტექტურული კომპლექსი თავისი კულტურული ღირებულებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. ათასწლეულების ციხე დღესაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბითა და სამშენებლო წყობით. საროში 2017 წელს გაიხსნა დედათა მონასტერიც.