ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს - მამა ილარიონი აქციაზე დაშავებული შვილის შესახებ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის ვატო შენგელია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული კურსიდან გადახვევას მეგობრებთან და თანატოლებთან ერთად აპროტესტებს.
,,გვცემეს, გვირტყეს, მიწასთან გაგვასწორეს"- წერს სოციალურ ქსელში ვატო შენგელია.
ვატოს ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ მოქალაქეები მამას მღვდელ ილარიონ შენგელიას ეკითხებიან, რაზეც მამა ილარიონი პასუხობს, რომ ,,ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს".
დაშავებულთა შორის არის 18 წლის ილია ოხანაშვილი, რომელიც ,,ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, სპეცრაზმმა პროევროპულ აქციაზე სცემა და დააკავა. ილია ოხანაშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილია.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე) 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 1 დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.