რელიგია
კათოლიკეები ნათლისღებას აღნიშნავენ
დღეს, კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ახალი აღთქმის მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნათლისღებას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს და კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მრევლს ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს კათოლიკე ეკლესიის საეკლესიო სააგენტო.
,,ამ წელს, უფლის ნათლისღების დღესასწაულის კათოლიკე ეკლესია 12 იანვარს აღნიშნავს. წესისამებრ, წირვის დასაწყისში, იკურთხება წყალი და მარილი. შემდეგ კი ამ წყალს მღვდელი მორწმუნეებს ასხურებს, რაც მათთვის ნათლობის საიდუმლოს გახსენების სიმბოლოა.
ასევე შესაძლებელია ნაკურთხი წყლის ეკლესიიდან სახლში წაღება, რათა ამ წყლით მორწმუნემ სახლიდან გამოსვლისას პირჯვარი გამოისახოს ან ასხუროს მის საცხოვრებელს" - წერია განცხადებაში.
1955 წლამდე, ნათლისღების დღესასწაული ერთ დღეს აღინიშნებოდა: ,,უფლის გაცხადება" (მოგვების მისვლა), ნათლისღება და პირველი სასწაული გალილეის ქალაქ კანაში. ბოლო ლიტურგიული რეფორმის შემდეგ, ნათლისღების დღესასწაული კალენდარში ცალკე ჩაიწერა – "უფლის ნათლისღება".
ნათლისღების კვირა დღე არის მოძრავი დღესასწაული და ვზეიმობთ უფლის გაცხადების (6 იანვარი) მომდევნო კვირას. ეს კი, პრაქტიკაში ნიშვანს იმას, რომ დღესასწაული უწევს 7 - 13 იანვრის კვირაში.
2023 წელს კათოლიკე ეკლესიამ ნათლისღების დღესასწაული 8 იანვარს აღნიშნა, 2024 წელს – 7 იანვარს, 2025 წელს კი, 12 იანვარს აღინიშნება.
ნათლისღების დღესასწაული ასრულებს შობის ჟამს და დღესასწაულის მომდევნო დღიდან ეკლესია უკვე ლიტურგიული კალენდრის რიგით ჟამში გადადის.
ბევრ ქვეყანაში, სადაც უფლის გაცხადების დღესასწაული კვირა დღესაა გადატანილი, ნათლისღებას ორშაბათს ზეიმობენ. აღნიშნული პრაქტიკა გამოწვეულია ლიტურგიული კალენდრის ადგილობრივ ტრადიციებთან და პირობებთან ადაპტირების აუცილებლობით.
Տարածեք :