19 იანვარს მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს ურიგდება.
ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები მდინარის ნაპირთან გადაინაცვლებენ, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება და მრევლი წყალში განიბანება. ჩატარდება ნათლობაც.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”