კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებშიც ჩატარდეს
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს.
ამის შესახებ გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოვეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ცე-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რათქმაუნდა, სადაც შესაბამისი ფართია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკვე საუბრობს ტესტებზე, რომელიც ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსად, აფთიაქებში იყიდება.
„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვას უკეთებს პირი ამ ტესტს, მაშინ შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.
interpressnews.ge