ჯანდაცვა
ახალციხეში ვაქცინაციისთვის შვიდი ექიმი დარეგისტრირდა
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალციხის კლინიკა „იმედში" კვირაში ოთხჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე ვაქცინა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის არის განკუთვნილი. კლინიკა „იმედის“ მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათთან ვაქცინის 200 დოზაა შეტანილი და მის მისაღებად სამედიცინო პერსონალს რეგისტრაციის გავლა ონლაინ - booking.moh.gov.ge უწევს. რეგისტრაცია 24-საათიანია და სამედიცინო პერსონალს სასურველი დროის დაჯავშნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ვებ-გვერდის მიხედვით, 17-18 მარტს ვაქცინაციისთვის ახალციხეში შვიდი ადამიანია დარეგისტრირებული.
“ჩვენს კლინიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით გუშინ 10 ადამიანი აიცრა, ეს არის წინასწარ გაუთვლელი, უწყვეტი პროცესი, ამიტომ არ მაქვს წინასწარ ინფორმაცია, რამდენი აიცრება მომავალში. ვაქცინის დანაკარგი რომ არ იყოს, ჯგუფი უნდა იყოს 10 კაცისგან შემდგარი. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ვაქცინის ერთი კონკრეტული დოზა“, - განმარტავს „იმედის“ კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.
პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინის 1 400 დოზაა შემოტანილი. ვაქცინაცია 15 მარტს ახალციხეში დაიწყო, 17 მარტს ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" , ნინოწმინდასა და ახალქალაქში განხორციელდება, ხოლო 18 მარტს ასპინძისა და ადიგენის "ევექსის კლინიკების" ქსელში ჩატარდება.
Տարածեք :