ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები შინაგანაწესის დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ოჯახის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ახალციხის კლინიკა "იმედის" თანამშრომლები აღარ არიან. ისინი სამსახურიდან ადმინისტრაციამ 1-ელ ივლისს გაათავისუფლა, მიზეზად კი შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევა დაასახელა და არა მათი კავშირი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან.
"ერთი კვირის წინ დატოვეს სამსახური შინაგანაწესის დარღვევის გამო. კლინიკას თავისი შინაგანაწესი აქვს, რაღაც პუნქტები დაირღვა და გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან. მეგის საქმეს არ უკავშირდება, კონკრეტული მიზეზები თავად იციან. სხვა ადამიანებიც გათავისუფლდნენ შინაგანაწესის დარღვევისთვის კლინიკიდან", - გვითხრა დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.
რეანიმატოლოგი ამბობს, რომ არ იცის, შინაგანაწესის რომელი მუხლი დაარღვია. გიორგი აფციაური ამბობს, რომ ამის გარკვევას მისი ადვოკატი ცდილობს.
"არ ვიცი რის გამო გამომიშვეს, ჩემთვის არაფერი განუმარტავთ. ეს მუხლები და საკითხები ჩემთვის გაურკვეველია, არ ვარ იურისტი, ჩემი ადვოკატი განიხილავს და გაარკვევს მიზეზს. ყველაფერი იქით მიდის, რომ მეგი ბაქრაძის საქმეს უკავშირდება. გათავისუფლების მიზეზი უნდა ითქვას, ბრძანება მომცეს და გამომიშვეს სამსახურიდან, მანამდე ან გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, ან საყვედური", - გვითხრა გიორგი აფციაურმა. მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის დადგენას ცდილობს ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვატიაშვილიც.
18 მარტს, როცა კლინიკის მედდა მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს. ორივე ექიმს და ერთ ექთანს საქართველოს პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.