ჯანდაცვა
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის უფასო მედიკამენტების სია გაიზარდა
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თამარ მელიქიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, გარკვეულ მედიკამენტზე დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საჭირო გახდა ალტერნატიული მედიკამენტების დამატება. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო.
„პროგრამის ყველა მიმართულებას აქვს თანხობრივი ლიმიტები. დანართის ცვლილების აუცილებლობის მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეული მიმართულებით მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა და არა ის, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ჩვენ დავიწყეთ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობა, რომ იმ მედიკამენტების ალტერნატივა მოგვენახა, რომელიც დეფიციტში ჩაჯდა, შემდეგ ეს ალტერნატივა გაგვეტარებინა ექსპერტების ჭრილში, თუ რამდენად მისაღები იყო, ასევე შეგვედარებინა ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და შევჯერებულიყავით. ამის გათვალისწინებით, შევთანხმდით გარკვეული მედიკამენტების დამატებაზე. ჩვენ დავამატეთ ეპილეფსიის ჯგუფისთვის სხვადასხვა დოზის მედიკამენტი „ეპიქსი“.
ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისთვის ორი სხვადასხვა დოზის მედიკამენტიც“, - აღნიშნავს თამარ მელიქიძე.
მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: nha.gov.ge
Տարածեք :