ჯანდაცვა
როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსები?
რინოვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი - ეს იმ ვირუსების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ქვეყანაში, ამ სეზონზე, აქტიურად ტრიალებს. გარდა ამ ვირუსებისა, გასულ კვირაში, საქართველოში უკვე ოფიციალურად დადასტურდა გრიპის, ე.წ. ჰონგ-კონგისა (H3N2 ) და ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) შემთხვევებიც.
როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსები? - სიმპტომები და გართულების რისკი
მაგალითად, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპისა და ღორის გრიპის ერთმანეთისგან განსხვავება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, შეუძლებელია. ამ ვირუსებს თითქმის თანაბრად ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები:
- მაღალი ცხელება;
- ყელის ტკივილი;
- ხველა;
- ძლიერი სისუსტე;
- კუნთების, სახსრების ტკივილი; მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი;
როგორც ივანე ჩხაიძე გვიხსნის, ამ ვირუსების უკან დგას არა მხოლოდ მისი რთული მიმდინარეობა, არამედ გართულებების რისკის ალბათობა:
„პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ ფილტვების ანთების ალბათობა, რამაც რიგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის გარდაცვალებაც. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ყოველწლიურად, პანდემიამდე პერიოდშიც, საქართველოში, სეზონზე, გრიპის ვირუსით 30-დან 60-მდე ადამიანი კვდებოდა. ამიტომ ვამბობთ, რომ გრიპის ვირუსის ცირკულირება ახლა გაცილებით უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე კორონავირუსის, რადგან ომიკრონი არ გამოირჩევა გართულებების მაღალი ხარისხით და გრიპთან შედარებით მისი მიმდინარეობა უფრო მსუბუქია“.
ვის აქვს გრიპის გართულების რისკი?
რისკ-ჯგუფში შედიან 5 წლამდე ბავშვები. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები. სწორედ ამიტომ, ამერიკის CDC-ის რეკომენდაციით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ექვსი თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
- ასევე რისკ-ჯგუფში შედის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა;
- ორსულები;
- ასთმის მქონე პაციენტები;
- ინსულტგადატანილი პაციენტები;
- დიაბეტის მქონე პაციენტები;
- ონკოლოგიური პაციენტები;
- ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებები;
- თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები;
- გულის იშემიური დაავადებების მქონე პაციენტები.
რა მდგომარეობაა კლინიკებში?
როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, კლინიკებში მიმართვიანობა, განსაკუთრებით პედიატრიულ განყოფილებებში, მკვეთრადაა გაზრდილი, რაც მისი თქმით, პროგნოზირებადი იყო:
„წინა კვირაში ლუგარის ცენტრის მიერ დადასტურებული გრიპის 10 შემთხვევა გამოვლინდა. მაშინ, როდესაც 2020-21 წლის მთელ სეზონზე გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა დადასტურდა. ახლა კი უკვე ერთ კვირაში გვაქვს გრიპის 10 შემთხვევა. სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდში მიმართვიანობა კიდევ მოიმატებს“.
Տարածեք :