არ დანიშნო არჩევნები სამუშაო დღეს - ემიგრანტების გზავნილი ცესკოს
14.11.2018
უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს.
ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ვიდეომიმართვას ავრცელებენ, სადაც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს. ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ მოახერხებენ.
„ნუ წაგვართმევთ ხმის მიცემის უფლებას“ - ამბობენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
ნინო ზაზაძე ასპინძის მუნიციპალიტეტიდან ავსტრიაში, 12 წლის წინ წავიდა. მესხი ემიგრანტი ამბობს, რომ მისთვის არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„არჩევნების სამუშაო დღეს ჩანიშვნა ემიგრანტებისთვის არის ირიბად, არაპირდაპირი ფორმით ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა. ვფიქრობ, ცესკომ უნდა გაითვალისწინოს ამომრჩევლის ინტერესები, რათა უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები მივიდნენ უბნებზე და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. თუ საარჩევნო ადმინისტრაციამ მეორე ტური სამუშაო დღეს დანიშნა, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ინტერესებს ემსახურება“, - აცხადებს იურისტი სოსო ხითარიშვილი.
ცესკოში დღეს, 14 ნოემბერს, 13“00 საათზე სხდომაა ჩანიშნული. დღის წესრიგის მიხედვით, კომისია მეორე ტურის თარიღს გამოაცხადებს.