მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულებს 20 ივლისს დააჯილდოებენ
15.07.2023
მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვება 20 ივლისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 19:00 სთ-ზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მათემატიკაში ოლიმპიადა მაისის ბოლოს ჩატარდა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთიდან მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის 900-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები 30 გამარჯვებულზე გადანაწილდა.
მათემატიკაში ოლიმპიადა, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლების 8-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდმა “სავანემ “ ჩაატარა. თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი მოსწავლე გამოვლინდა.
საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, ხოლო „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აკადემია მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ ასწავლის. აკადემიის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს შანსი აქვთ ისწავლონ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში.