ახალციხეში ქართველი მეფის ძეგლი დაიდგმება
ახალციხეში ქართველი მეფის გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმა იგეგმება. საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გავიდა, რომელიც დეპუტატებმა დადებითად გადაწყვიტეს. ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, ძეგლის დასადგმელად კონკურსი ახალწლამდე გამოცხადდება.
„გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადგმის თაობაზე დიდი ხანია საზოგადოებაში არის აზრი. გიორგი ბექა მანდატურუხუცესის ძე იყო და სამცხეში პაპასთან ბექა ჯაყელთან აღიზარდა. ის შესანიშნავ პიროვნებად და სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, საქართველოს დიდებული მეფის ძეგლი იმ კუთხეში უნდა დაიდგას სადაც ის აღიზარდა“ - ამბობს ახალციხის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი.
ზაზა თამარაშვილის განმარტებით, კონკურსის გამოსაცხადებლად საჭირო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ძეგლის დასადმელად რამდენიმე ადგილი მოიაზრება, თუმცა ეს უკვე კონკურსის დასრულების შემდეგ და საკრებულოს გადაწყვეტილებით გახდება ცნობილი“ - ამბობს ზაზა თამარაშვილი.
კონკურსის გამოცხადების შემდეგ, კონკურსანტები ესკიზებს წარმოადგენენ, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება. საუკეთესო იდეის ავტორი მერიისგან ფულად ჯილდოს მიიღებს.
თამარ მეფის შემდეგ, გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი ქართველი მეფეებიდან ახალციხეში რიგით მეორე იქნება. ქალაქში თამარ მეფის ძეგლი 1999 წლის გაზაფხულზე დაიდგა.